Friday, June 6, 2014

      2014 წლის მაისში ბორჯომის # 3 საჯარო სკოლაში განხორციელდა ტრენინგი პედაგოგებისთვის "შებრუნებული საკლასო ოთახი". სანამ უშუალოდ აღვწერ რას მოიცავს ტრენინგი და რა მივიღე ამ მოდულით, მანამდე მინდა გითხრათ როგორ მოვხვდი ამ ტრენინგზე. ვარ I-III(კლას-კომპლექტი) კლასის დამრიგებელი. აღნიშნული ტრენინგი გათვლილი იყო მეორე კლასის დამრიგებლებისთვის. დიდი სურვილი მქონდა მეც გავცნობოდი ამ ახალ მეთოდს და ტრენერს ვთხოვე თავისუფალ მსმენელად  დავსწრებოდი. რასაკვირველია, ქალბატონი ელენე ბეთლემიშვილი დამთანხმდა, მოგვიანებით აღმოჩნდა I კლასის მასწავლებლებსაც ჰქონდათ უფლება გაევლოთ აღნიშნული ტრენინგი.
       ახლა რაც შეეხება  ტრენინგს. იგი მოიცავს 5 დღიან მოდულს, სულ 20 საათი. ტრენერმა ინფორმაცია მოგვაწოდა სერთიპიკატის მინიჭების პირობების შესახებ:

  • მოდულზე დასწრების სულ მცირე 16 საათი;
  • გაკვეთილის გეგმისმომზადება გამდიდრებული ვიდეოგაკვეთილებით და ელექტრონული რესურსებით;
      ტრენინგის მიზანი: მეორე კლასის დამრიგებლების პროფესიულ ზრდაში ხელის შეწყობა ისტ-ის ათვისებაში, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონულ რესურსებისა და ვიდეო გაკვეთილების შექმნის გზით.

I დღე:
            ტრენინგი დაიწყო ერთმანეთის გაცნობით. ქალბატონმა, ელენე ბეთლემიშვილმა, ისაუბრა ტრენინგის მიზნებზე, მისაღწევ შედეგებზე,  მუშაობის ფორმებზე ( მოგვიწია ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა). შევიმუშავეთ განრიგი, ყოველი კვირის -შაბათი დღე და ბოლო კვირის- ორშაბათი დღე.
            გონებრივი იერიშის მეთოდით გავწერეთ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ესაჭიროება დღევანდელ აბიტურიენტს, ვისაუბრეთ ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე. ვუყურეთ ვიდეოს „ 21-ე საუკუნე“, სადაც წარმოდგენილი იყო თუ როგორ სწრაფად შეიცვალა 5 წლის მანძილზე სამყარო. კერძოდ, დღევანდელი პოპულარული სამუშაო პოზიციები 2002 წელს საერთოდ არ არსებობდა, აქედან გამომდინარე მომავალში მოსწავლეები გამოიყენებენ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ჯერ არც კი გამოგონილა და მოუწევთ ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ჯერ არ წამოჭრილა. ამ ვიდეოს გაცნობით ნათლად დავინახე რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის ყოველი ახლის მიღება და გათავისება,  რომ ვიზრუნოთ მომავალი თაობის საჭირო უნარების განვითარებაზე. ვხვდები რამდენად რთული და საპასუხისმგებლო მუშაობა მელის დღეს და მომავალში.
         გავეცანით კორნელის ჩანაწერების მეთოდს, მის უპირატესობებს და როგორ გამოვიყენოთ აღნიშნული მეთოდი კლასში. ეს მეთოდი უწყობას ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინფორმაციის დახარისხებას და დამახსოვრებას. ჩანაწერების გაკეთება შეიძლება ლექციის მოსმენისას, წიგნის წაკითხვისას, ვიდეოს ყურებისას და ა.შ. ტრენერმა ჩაგვიწერა ღონისძიების მასალები და ქვემოთ წარმოგიდგენთ კორნელის ჩანაწერების ფორმატს.
             

                  











          ძალიან მომეწონა ეს მეთოდი, ვაპირებ გავაცნო ჩემს მოსწავლეებს, მაინტერესებს თვითონ დამოუკიდებლად თუ შეძლებენ გაართვან თავი, ნათელ ინსტრუქციას მივცემ როგორ აწარმოონ ჩანაწერები, ამის შემდეგ რამოდენიმე ინფორმაციას ერთად დავამუშავებთ ამ მეთოდის გამოყენებით.

შემდეგ ვუყურეთ ვიდეოს „ რა არის შებრუნებული საკლასო ოთახი“, რომელიც კორნელის ჩანაწერის მეთოდით განვიხილეთ. ვიდეოში ნაჩვენები იყო ტრადიციული საკლასო ოთახი, სადაც მასწავლებელი ახალ მასალას გადასცემდა მოსწავლეებს, ზოგი კარგად ითვისებდა მასალას, ზოგს მოეწყინა, ზოგმა კი ვერ გაიგო და სასოწარკვეთილი  იყო. მასწავლებელი ხვდება, რომ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა და დახმარება სჭირდება, მაგრამ ეს დამატებით დროს მოითხოვს. ამ პრობლების ერთ-ერთი გადაჭრის გზა შებრუნებული საკლასო ოთახია. არსი შემდგომში მდგომარეობს: მოსწავლეები სახლში სხდებიან და ახალ მასალას ეცნობიან ვიდეოგაკვეთილით, რომელიც მასწავლებელი უთითებს ან უტვირთავს სხვადასხვა ინტერნეტ ქსელში. მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ  ბუნებრივი რიტმით ისწავლონ: დააპაუზონ ვიდეო, გადაახვიონ უკან და უყურონ განმეორებით ის მასალა რომელიც მათთვის გაუგებარია, ან გადაახვიონ წინ და გამოტოვონ ადვილი მასალა. ამ მეთოდით მოსწავლე თავად იღებს ცოდნას, მასწავლებელი ეხმარება ცოდნის წვდომაში.

ტრადიციულ საკლასო ოთახში ახალი მასალის ახსნა  კლასში ხდება და მისი განმტკიცება სახლში ( ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა), ხოლო შსო-ში პირიქით, სახლში ეცნობიან მასალას და მისი განმტკიცება კლასში ხდება (შევეცდები გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში).
გევაცანით უფასო საგანმანათლებლო სოციალურ ქსელს edmodo.com-ს . მასზე მქონდა ინფორმაცია, რომ ეს იყო ქსელი მოსწავლეების და მასწავლებლების დასაკავშირებლად, რადგან ჩემს მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ  არ დავინტერესდი, თურმე ვცდებოდი.  შესაძლებელი ყოფილა მასწავლებლებიც დაკავშირებოდნენ ერთმანეთს. ასეც მოვიქეცით, დავრეგისტრირდით, როგორც მასწავლებელი და გავერთიანდით ბორჯომის მასწავლებელთა  ჯგუფში, სადაც დავპოსტავთ, გამოვაქვეყნებთ ტრენინგის მანძილზე შექმნილ რესურსებს და გავუზიარებთ ერთმანეთს.
ამის შემდეგ დავიყავით წყვილებში და გავეცანით გაკვეთილების გეგმებს და რესურსებს: ქართულში, მათემატიკაში, ბუნებაში (შსო-ის მეთოდით), განვიხილეთ თითოეული მათგანი. მივხვდი  წინ რამხელა შრომა მელის, არ იქნება ადვილი  ვიდეოს შექმნა და დამუშავება. ვაპირებ არსებული რესურსის გამოყენებას ჩემს კლასში და შემდეგ თვითონ მოვამზადებ სხვადასხვა რესურსებს.
 პირველი დღე დასრულდა საშინაო დავალების მიცემით: ვიდეო- „სალმან ხანი“ და კორნელის მეთოდით ჩანაწერების გაკეთება.




No comments:

Post a Comment